ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 108-ე შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა, მთავარი საკითხი დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იყო.

მისი ინფორმაციით, ამ კუთხით არის პროგრესი, თუმცა არ დაუკონკრეტებია თარიღი, როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება.

ამასთან, ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო საოკუპაციო ხაზთან უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე. უსაფრთხოების საკითხებთან ერთად განიხილებოდა ჰუმანიტარული საკითხებიც.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დე ფაქტო რეჟიმმა დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგოს მოხსნა, რაზეც ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია უცვლელია.

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ, წინა შეხვედრიდან დღემდე, ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი. უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, რაც მიმდინარეობდა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. ეს საკითხი დავაყენეთ ძალიან პრინციპულად. სამწუხაროდ, ახალი არგუმენტი არ გაგვიგია და ცხინვალიდან წარმომადგენლები ოპერირებდნენ ძველი და დამკვიდრებული ნარატივებით. მათი მხრიდან კვლავ წამოიწია სოფელ ჩორჩანას გარშემო პროცესები. ჩვენი პასუხი არის იგივე. აღნიშნული პოსტი მდებარეობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ის დაკომპლექტებულია საპოლიციო ძალებით და აღჭურვილნი არიან სტანდარტული პოლიციის შეიარაღებით. შესაბამისად, თეორიულადაც გამორიცხულია, მათ შეეძლოთ რაიმე საფრთხის შექმნა.

უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქეების საკითხზე შედგა ხანგრძლივი და თემატური საუბარი. ერთადერთი საკითხი, რაც ითქვა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გარკვეული პროგრესი იყოს ამ მიმართულებით. ამ პროგრესის ვადებზე, ანუ თარიღსა და პერსონალიებზე ჩვენ ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ვიმედოვნებთ, ცხინვალის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებები უახლოეს მომავალში იქნება კონვერტირებული კონკრეტულ ნაბიჯებში.

ამასთან, თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ ვითარებას რაც შეეხება, ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია გახლავთ, რომ მოიშალოს დღეს არსებული ყველა ხელოვნური ბარიერი, რომელიც ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას. ამ კონტექსტში განხილულ იქნა ასევე ზემო არცევში არსებული ვითარება“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.