ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე მხარეები ბოლო ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას განიხილავენ.
შეხვედრაზე მთავარი საკითხი კვლავ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იქნება. ამ დროისთვის საქართველოს რვა მოქალაქე რჩება დე ფაქტო რეჟიმის ტყვეობაში.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, ერთ-ერთი დაკავებულის სასამართლო პროცესი მიმდინარე კვირას არის ჩანიშნული.
„დღეს განვიხილავთ უკანონო დაკავების ფაქტებს და მოვითხოვთ დაკავებულების შესახებ ბოლო ინფორმაციას. რაც გვაქვს ინფორმაცია, დაკავებული მამუკა ჩხიკვაძის სასამართლო პროცესი მიმდინარე კვირას არის ჩანიშნული. შეხვედრაზე ასევე შევეხებით უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს. წინა შეხვედრიდან დღემდე ერთი ფაქტი დაფიქსირდა ოკუპირებულ დისევთან, სადაც ხის ბოძები გააკეთეს. რაც შეეხება უკანო წვრთნებს, ეს აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს და ამ ფაქტს კიდევ ერთხელ მკაცრად გავაპროტესტებთ“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.