ერგნეთში დოკუმენტური ვიდეოისტორიების - „ქალები მავთულხლართების პირისპირ“ ჩვენება გაიმართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადებული დოკუმენტური ვიდეოისტორიების – „ქალები მავთულხლართების პირისპირ“ ჩვენება დღეს ერგნეთში, ომის მუზეუმში გაიმართა.
ვიდეორგოლები გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები შვიდი ქალის ცხოვრებას ასახავს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რომლებიც მიუხედავად არაერთი სირთულისა და გამოწვევისა, აქტიურობენ და აკეთებენ საქმეს, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათთვის და მათი ოჯახებისთვის, არამედ მთელი სოფლისა და მოსახლეობისთვის.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა აგვისტოს ომის შემდეგ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შექმნილი ვითარება ადგილზე ყველას აზარალებს. ამიტომ სახელმწიფო მომავალშიც განახორციელებს სამშვიდობო პოლიტიკას, რაც პირველ რიგში, კონფლიქტით დაზარებული მოსახლეობის დახმარებაზეა ორიენტირებული.
„ერგნეთი ერთ-ერთი ის სოფელია, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ომის დროს. მუზეუმი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით და რომელიც ქალბატონმა ლია ჩლაჩიძემ მეგობრებისა და მეზობლების დახმარებით მოაწყო, სამწუხარო ჯერ კიდევ ცოცხალი სიმბოლოა იმისა, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპაციის სახით გრძელდება. დღე წარმოგიდგინეთ იმ ქალთა ისტორიები, რომლებიც ჩუმად აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და არიან თანამედროვეობის გმირები. ესენი არიან ქალები, რომლებიც ფაქტობრივად შიშველი ხელებითა და დიდი მონდომებით, შეუპოვრობით უპირისპირდებიან მავთულხლართებს, ზრუნავენ უკეთეს მომავალზე და აკეთებენ საქმეს, რითიც ეხმარებიან მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება და ქმნიან წარმატების ისტორიებს“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ისინი იმ ათასობით ადამიანს შორის არიან, რომლებიც მავთულხლართების პირისპირ ცხოვრობენ და ყოველდღიურ გამოწვევებს უმკლავდებიან.
„მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით მომავალში 8 აგვისტოს საქართველო მავთულხლართების გარეშე შეხვდება”,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მან ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ისაუბრა, რომელიც სხვა ქალების აქტიურ ჩართულობასაც ითვალისწინებს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სოფელ ერგნეთის მკვიდრი ქალები, სამშვიდობო პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ვიდეოისტორიების გმირი ქალებიც, რომელთაც ომის შემდგომ, გასული 10 წლის განმავლობაში მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს და სამშვიდობო პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.