ერევანში გამართულ აქციაზე 29 ადამიანი დააკავეს
ერევანში გამართულ აქციაზე 29 ადამიანი დააკავეს

ერევანში, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა აქციის 29 მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახური ავრცელებს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ რამდენიმე ათასი მომიტინგე შეიკრიბა. მათი მთავარი მოთხოვნა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა იყო. ამასთან, აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის ფარგლებში ცალმხრივი დათმობების წინააღმდეგი არიან.

სომხეთის პოლიციამ მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება დაიწყო. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაკავებულია 29 ადამიანი.