ერდოღანმა ისრაელს ფაშისტური სახელმწიფო უწოდა
ერდოღანმა ისრაელს ფაშისტური სახელმწიფო უწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელს ფაშისტური სახელმწიფო უწოდა. მისი თქმით, ისრაელის პარლამენტის, ქნესეთის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული კანონი „ებრაული სახელმწიფოს“ შესახებ, „სიონიზმის ფაშისტურ იდეას გამოხატავს“.

„ახლა უკვე ეჭვგარეშეა, რომ ისრაელი ფაშისტური და რასისტული სახელმწიფოა. ისრაელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ღაზას სექტორში მძიმე ჯავშანტექნიკას, სამხედრო ავიაციას და ტანკებს იყენებს. ასე მხოლოდ ფაშისტური ქვეყნები იქცევიან“, – განაცხადა ერდოღანმა.

მის ამ განცხადებას წინ უძღოდა ისრაელის პრმიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პოსტი სოციალურ ქსელ „თვითერში“. ნეთანიაჰუმ ერდოღანი ქურთების ეთნიკურ წმენდაში დაადანაშაულა.

„მოვუწოდებ ისლამურ სამყაროს, მოვუწოდებ თითოეულ ქრისტიანულ სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დემოკრატიული სამყაროს ლიდერებს, გაერთიანდნენ ისრაელის წინააღმდეგ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერის საპასუხოდ.

ისრაელის პარლამენტში 18 ივლისს „ებრაული სახელმწიფოს“ შესახებ კანონი მიიღეს. კანონის თანახმად, ისრაელის ტერიტორია ებრაელი ხალხის ისტორიულ მიწად განიხილება, ხოლო დედაქალაქად იერუსალიმი ცხადდება.

„ისრაელის მიწა ისტორიული სამშობლოა ებრაელი ხალხისა, სადაც ისრაელის სახელმწიფო დაარსდა“, – ამ სიტყვებით იწყება კანონი, რომელიც გვიან ღამით, 8-საათიანი განხილვის შედეგად მიიღეს. კანონს 55-მა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა, 62 კი მომხრე იყო.

მოწინააღმდეგეებს შორის იყო 20 არაბი დეპუტატი, რომლებიც „ებრაული სახელმწიფოს“ შესახებ კანონს დემოკრატიის დასასრულად აფასებენ. მათ კენჭისყრის დროს პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს. თავად პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ დარწმუნებულია, რომ აღნიშნული კანონი მოსახლეობის უმრავლესობის ნებას გამოხატავს.