ერდოღანი - ქურთი მებრძოლები ქალაქ მანბიჯს და მიმდებარე ტერიტორიებს ტოვებენ
სირიაში ქურთი მებრძოლები ქალაქ მანბიჯს და მის მიმდებარე ტერიტორიებს ტოვებენ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ჩვენ პირობა დავდეთ, რომ ტერორისტები მანბიჯს დატოვებდნენ. ახლა ყველაფერი ისეა, როგორც ვთქვით. ჩვენ საქმის სწორად კეთება შეგვიძლია. ტერორისტებმა პოზიციები დათმეს და ახლა ტერიტორიებს ჩვენი ჯარისკაცები აკონტროლებენ“, – განაცხადა თურქეთის პირველმა პირმა.
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს ცნობა, რომ ქურთული სამხედრო დაჯგუფება „ეროვნული თავდაცვის ძალების“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებთან არსებული ხაზის პატრულირება დაიწყეს. თურქეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, აღნიშნულ აქტივობას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებთან თანამშრომლობით აწარმოებენ.
ცოტა ხნის წინ თურქეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლები მანბიჯიდან ქურთი მებრძოლების გაყვანის შესახებ შეთანხმდნენ.