ერდოღანი მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ბავშვისადმი სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულეს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ექვსი წლის გოგონას მიმართა, რომ თუ ის ბრძოლაში დაიღუპება, პატივს მიაგებენ.
სკანდალური განცხადება ერდოღანმა თურქეთის მმართველი პარტიის „განვითარება და სამართლიანობის“ ყრილობაზე გააკეთა.
თურქეთის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას თურქული ტელეკომპანიები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ.
საუბრისას ერდოღანის ყურადღება სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ბავშვმა მიიქცია, რომელიც პრეზიდენტმა სცენაზე მიიწვია.
„გოგონა, რას აკეთებ აქ? ჩვენ აქ შინდისფერი ბერეტი გვაქვს, მაგრამ შინდისფერი ბერეტები არასდროს ტირიან“, – განაცხადა ერდოღანმა, რომელმაც შინდისფერ ბერეტებში თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროები იგულისხმა.
„მას ასევე ჯიბეში თურქეთის დროშა აქვს. თუ ის დაიღუპება, ღმერთის ნებით, დროშას გადააფარებენ“, – განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.
ამის შემდეგ მან ატირებულ ბავშვს მიმართა და ჰკითხა, არის თუ არა მზად ყველაფრისთვის, რაზეც გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
ერდოღანის განცხადებას სოციალურ ქსელებში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლებმა თურქეთის პრეზიდენტის ქმედება ბავშვებისადმი სასტიკ მოპყრობად და სიკვდილის განდიდებად შეაფასეს.