ერდოღანი - ჯამალ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთის ოფიციალურმა პირებმა დაგეგმეს
მწერლისა და ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთის ოფიციალურმა პირებმა დაგეგმეს – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მმართველი პარტიის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. ერდოღანის თქმით, ხაშოგის საკონსულოს ტერიტორია არ დაუტოვებია და ყველა ინფორმაცია და მტკიცებულება მიუთითებს, რომ ჟურნალისტი სასტიკი მკვლელობის მსხვერპლი გახდა.
„საუდის არაბეთიდან ჩამოსულმა ჯგუფმა ხაშოგის მკვლელობამდე გამოკვლევა ჩაატარა ბელგრადის ტყეში, სტამბოლსა და იალოვას პროვინციაში. ვენის კონვენცია არავის აძლევს საშუალებას, რომ მსგავსი სასტიკი მკვლელობა საკონსულოს ტერიტორიაზე მოხდეს. მკვლელობა მოხდა საუდის არაბეთის საკონსულოში, მაგრამ საკონსულო თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და მკვლელობის საქმეზე 18 ეჭვმიტანილი სასამართლოს წინაშე სტამბოლში უნდა წარდგეს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანი გამოვიდა ინციატივით, რომ მსგავსი კრიტიკული გამოძიება ნეიტრალურმა და სამართლიანმა კომიტეტმა ჩაატაროს.
„საერთაშორისო მედიაში თურქეთის რეპუტაციის წინააღმდეგ შეთქმულების მცდელობები, ვერ შეგვაჩერებს, რომ ფაქტები ვიკვლიოთ. ყველამ, მკვლელობის ინსტრუქტორიდან დაწყებული, შემსრულებლით დამთავრებული, კაცობრიობის სინდისს უნდა უპასუხოს. ხაშოგის მკვლელობაზე უსაფრთხოებისა და დაზვერვის რამდენიმე ოფიცრის დადანაშაულება არ აკმაყოფილებს არც თურქეთს და არც საერთაშორისო თანამეგობრობას“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. საუდის არაბეთის ხელისუფლება ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გარდაცვალების მიზეზად საკონსულოში მომხდარ „ჩხუბს“ ასახელებს. მკვლელობის გამო დაკავებულია 18 პირი, საუდის არაბეთის დაზვერვის სამსახურიდან ორი მაღალჩინოსანი კი, გათავისუფლებულია. ჩხუბის ვერსიის არ სჯერათ თურქეთში. ანკარაში ამტკიცებენ, რომ ხაშოგი სპეციალური დანიშნულების რაზმის 15-მა წევრმა მოკლა, ცხედარი კი დაანაწევრა. თურქეთში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის დანაწევრებულ ცხედარს მიაგნეს.