ერდოღანი - იმედი მაქვს, აშშ-ი და თურქეთი თანამშრომლობას გააგრძელებენ და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივად იბრძოლებენ
ამერიკელი პასტორის გათავისუფლების შემდეგ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპს მიმართა. თურქეთის პრეზიდენტმა მიკრობლოგ Twitter-ის საშუალებით კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქალაქ იზმირის სასამართლომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. ამასთან, ამერიკელ კოლეგასთან მიმართვის დროს იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
„პრეზიდენტო, დონალდ ტრამპ, როგორც ყოველთვის, ახლაც აღვნიშნავ, რომ თურქეთის სასამართლომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. იმედი მაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და თურქეთი თანამშრომლობას განაგრძობენ და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივად იბრძოლებენ. პირველ რიგში, გიულენის მოძრაობის, „ქურთისტანის მუშათა პარტიისა“ და „ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიკრობლოგ Twitter-ის პირად გვერდზე.
12 ოქტომბერს იზმირის სასამართლომ, ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ენდრიუ ბრანსონი გაათავისუფლა. ამერიკელი პასტორი ახლა სამშობლოსკენ მიემართება. ვაშინგტონში მას დონალდ ტრამპი დღესვე ოვალურ კაბინეტში მიიღებს.
ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლების საკითხი ორ ქვეყანას შორის ბოლო რამდენიმე თვეა დიპლომატიური ურთიერთობის გამწვავების მიზეზი გახდა.
დაძაბულობის ფონზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე თურქი მაღალჩინოსანი შავ სიაში შეიყვანა. თურქეთს კი ფოლადისა და ალუმინის ექსპორტზე ტარიფები დაუწესა.
ამერიკელი პასტორის გათავისუფლების სანაცვლოდ, ოფიციალური ანკარა შტატებში მცხოვრები თურქი მქადაგებლის, ფეთჰულა გუულენის ექსტრადირებას ითხოვდა. მას თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევენ.