ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთმა შავ ზღვაში, ქვეყნის ისტორიაში ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მარაგი აღმოაჩინა.
ამის შესახებ პრეზიდენტმა მოსახლეობას სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში სიტყვით გამოსვლისას აცნობა.
„გარდა იმისა, რომ ენერგეტიკა განვითარების აუცილებელი ელემენტია, ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ერდოღანმა.
„ანადოლუს“ ინფორმაციით, ახლად აღმოჩენილი მარაგი, 320 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივ აირს მოიცავს. ამავე სააგენტოს ცნობით, შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მარაგი 20 ივლისს აღმოაჩინეს.
როგორც ცნობილია, ბუნებრივი აირი ბულგარეთისა და რუმინეთის საზღვრების მხარეს არის აღმოჩენილი.