ერაყის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სირიიდან ერაყში გადასული ამერიკელი სამხედროები ქვეყანას ოთხ კვირაში დატოვებენ
სირიიდან ერაყში გადასული ამერიკელი სამხედროები ქვეყანას ოთხ კვირაში დატოვებენ, – ამის შესახებ ერაყის თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ნაჯაჰ ალ-შამარის თქმით, აშშ-ის არმიის სამხედროები ერაყში ტრანზიტულად იმყოფებიან და ოთხი კვირის ვადაში კუვეიტში, ყატარში ან უკან – აშშ-ში გაემგზავრებიან. ერაყის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები უკვე ერაყში იმყოფებიან.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა თავდაპირველად თქვა, რომ ამერიკელი სამხედროები ერაყის დასავლეთში ე.წ. „ისლამური სახლმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციას გააგრძელებდნენ, თუმცა მოგვიანებით სხვა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი თავის სამხედროებს შინ დააბრუნებს.