ერაყის სასამართლომ 16 თურქ ქალს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. მართლმსაჯულების ორგანოს პრესსპიკერის თქმით, მათ ბრალი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ედებათ და ჩამოხრჩობა ემუქრებათ.
მას შემდეგ, რაც აგვისტოში ერაყულმა ძალებმა ISIS-ის მიერ კონტროლირებადი ქალაქები და სოფლები დაიკავეს, იქ ასობით ქალი და მათი შვილები აიყვანეს. იმ დროს დაკავებული უცხოელი ქალების წინააღმდეგ სასამართლო პროცესები ერაყში დღემდე მიმდინარეობს.
ცენტრალური კრიმინალური სასამართლოს მოსამართლის თქმით, განაჩენი მათ მას შემდეგ გამოიტანეს, რაც დაკავებული ქალების დაეშთან კავშირი დადგინდა. მისი თქმით, ქალებმა თავად აღიარეს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ირიცხებოდნენ და ქორწინებაში იმყოფებოდნენ დაჯგუფების წევრებთან.
მოსამართლის განცხადებით, ქალებმა აღიარეს, რომ მებრძოლებს ტერაქტების მოწყობაში უწევდნენ დახმარებას. მისივე თქმით, ყველა ვერდიქტი გასაჩივრებას ექვემდებარება.
Reuters-ის ინფორმაციით, 2014 წლის შემდეგ სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ათასობით უცხოელი იბრძვის. სხვადასხვა ქვეყნიდან დაჯგუფების რიგებში გასაწევრიანებლად ასობოთ ქალი ჩავიდა ან ჩაიყვანეს.