ერაყის ხელისუფლებამ სირიის საზღვართან „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიაიერიში მიიტანა
ერაყის ხელისუფლებამ სირიის საზღვართან ახლოს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიაიერიში მიიტანა. საჰაერო თავდასხმის დროს ქვეყნის სახელისუფლებო ძალებმა ტერიტორიაზე მყოფი რადიკალების დიდი ნაწილის ლიკვიდირება მოახერხეს.
როგორც ცნობილია, ტერორისტები თავდასხმებს საზღვრისპირა ქალაქებსა და სოფლებში უახლოეს მომავალში გეგმავდნენ.
ერაყის სამხედრო საჰაერო ძალების სამიზნე „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების შეკრების ადგილი იყო, სადაც ტერორისტები სხვადასხვა თავდასხმას გეგმავდნენ.
„ისლამურ სახელმწიფოს“ ერაყის ტერიტორიის ერთი მესამედი ჰქონდა დაკავებული. მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაციის წყალობით, საერთაშორისო ძალებმა რადიკალების დამარცხება და მათ მიერ დაკავებული ტერიტორიებიდან განდევნა მოახერხეს, თუმცა საზღვრისპირა რაიონებში ტერორისტების მცირე ნაწილი ამ დრომდე იმყოფება.