ექვს თვიანი კონსერვაციის შემდეგ, აგარის შაქრის ქარხანაში მუშაობა სრული დატვირთვით განახლდა
ექვს თვიანი კონსერვაციის შემდეგ, აგარის შაქრის ქარხანაში მუშაობა სრული დატვირთვით განახლდა

აგარის შაქრის ქარხანამ ექვს თვიანი კონსერვაციის შემდეგ მუშაობა სრული დატვირთვით დღეიდან განაახლა.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ, ლევან კალანდაძემ, „აგარის შაქრის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, სავაშ უზანმა და საქართველოში „აგარის შაქრის კომპანიის“ დამფუძნებლის წარმომადგენელმა,  ნიკოლოზ ნათბილაძემ აგარის შაქრის ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და  დასაქმებულებს მიმართეს.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე „აგარის შაქრის კომპანიისთვის“ და ზოგადად, დაბა აგარისთვის. ქარხანას თვეების განმავლობაში ჰქონდა შეწყვეტილი მუშაობა დღეს კი, სრული დატვირთვით განახლდა. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ მოხერხდა მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ბიზნესომბუდსმენის ოფისის ჩართულობით ინვესტორთან მოლაპარაკებებით, რამდენიმე თვიანი კონსერვაციის შემდეგ ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავება და შედეგად ბიზნესისთვის სტაბილური გარემოს, ხოლო ქარხანაში 500-მდე ადგილობრივი დასაქმებულებისთვის სტაბილური შემოსავლის უზრუნველყოფა“, – განაცხადა ლევან კალანდაძემ.

დღესვე, ქარხნის ღვაწლმოსილი თანამშომლები დააჯილდოვეს.

აგარის შაქრის ქარხანამ  მუშაობა 2017 წლის 1 ნოემბრიდან შეწყვიტა და  კონსერვაციაზე გადავიდა. მთავრობასა და „აგარის შაქრის კომპანიის“ დამფუძნებლებს შორის, ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართულობით, მოლაპარაკებები შედგა. მხარეთა შეთანხმებით „აგარის შაქრის კომპანიისთვის“ მხარდაჭერის პაკეტი შემუშავდა, რის შედეგადაც, ქარხანამ მუშაობა სრულად დღეიდან განაახლა.