„ექსპო-ჯორჯიაში“ ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის პრეზენტაცია გაიმართა
მწვანე პოლიტიკის ინიციატივის ფარგლებში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა. ასევე, სიტყვით გამოვიდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან მიღწევებზე ისაუბრა და განსაკუთრებით აღნიშნა საწვავის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით არსებული წინსვლა, ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება, ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედება და ავტოპარკის განახლება, ასევე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის შექმნა.
სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების ანგარიშისა და სამომავლოდ დაგეგმილი ქმედებების წარდგენასთან ერთად დამსწრე საზოგადოება სამინისტროს მიერ შექმნილი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალს გაეცნო.
პორტალი სამინისტროს ინიციატივით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. ჰაერის ხარისხის პორტალი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, უწყვეტად, რეალურ დროში მიიღოს ინფორმაცია ჰაერის ხარისხის შესახებ საქართველოს ყველა იმ ქალაქიდან, სადაც ჰაერის ხარისხზე დაკვირვება მიმდინარეობს.
პორტალის საშუალებით დაინტერესებული პირები მათთვის მარტივად გასაგები ინდექსებით მიიღებენ უახლეს ინფორმაციას ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ჯანდაცვით რეკომენდაციებსაც იხილავენ. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოსთან, რომ საქართველოს ატმოსფერული ჰაერის მონაცემები ჰაერის ხარისხის ევროპულ პორტალზეც უწყვეტ რეჟიმში იყოს ხელმისაწვდომი. საქართველო გახდება პირველი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, რომელიც ორმხრივ თანამშრომლობას დაიწყებს ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოსთან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, რომ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნასთან მოხდეს მონაცემების გაცვლა და საქართველო იქნება ერთიანი ევროპული საინფორმაციო სისტემის ნაწილი. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა და ატმოსფერული ჰაერის პოლიტიკის მიმართულებით მიღწეული შედეგების წარდგენას ემსახურებოდა.