ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიას დადებითად აფასებენ
ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიას.
როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ორგანიზებული შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, მნიშვნელოვანია როგორც აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტი, ისე მისი ფართო საზოგადოებისთვის გაზიარება.
„თავისთავად ეს ფაქტი ცალსახად მისასალმებელია. მთლიანობაში, რასაკვირველია, მივესალმები ამგვარი ტიპის კონცეპტუალურ მიდგომებს, როდესაც მთავარია, გაგაჩნდეს ხედვა, სტრატეგია, რაც არის ფუნდამენტი, რომ შემდეგ ეფექტიანად განახორციელო და გადადგა შესაბამისი ნაბიჯები“, – განაცხადა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დირექტორმა, პაატა გაფრინდაშვილმა.
საია-ს წარმომადგენლის, გიორგი გობრონიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჩნდება სტრატეგიული დოკუმენტები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის გარკვეულ ჩარჩოებს გამოკვეთს.
„აქედან გამომდინარე, თვითონ ნაბიჯი არის ცალსახად დადებითი და მისასალმებელი და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხდება მისი გაზიარება ფართო საზოგადოებისთვის“, – აღნიშნა გიორგი გობრონიძემ.
„საქარველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის“ დირექტორის, ლევან დოლიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსტრემიზმის, რადიკალიზაციისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებობდეს სახელმწიფო სტრატეგია.
„შესაბამისად, მისასალმებელია უშიშროების სამსახურის ნაბიჯი, რომ ეს დოკუმენტი, უფრო სწორედ მისი პირველადი მონახაზი განხილულ იქნას სამოქალაქო სექტორთან“, – აღნიშნა ლევან დოლიძემ.
ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, თუ აღნიშნული დოკუმენტი მთელი ხელისუფლებისთვის სახელმძღვანელო გახდება, ბევრად ეფექტიანი იქნება.
„თუ ეს გახდება მთლიანად ხელისუფლების სახელმძღვანელო და დოკუმენტი, თუ ამის ქვემოთ იქნება გაწერილი გეგმა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ კონსოლიდირებულად უნდა იმოქმედოს, არამხოლოდ სუს–მა, არამედ ხელისუფლებამ საერთოდ, მაშინ ეფექტური იქნება ბევრად და ასე ვთქვათ, ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და რისკები ბევრად უფრო შემცირდება“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის თქმით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია.
„ეს დოკუმენტი დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგანაც არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, იწყება ამ მხრივ და კარგია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოიწვია ექსპერტები და საერთო აზრის შეჯერება მოხდა. ბევრი საინტერესო კითხვა გაჩნდა და მგონი, ეს დოკუმენტი დამუშავდება. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველო უკეთესად იყოს მომზადებული საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში““, – აღნიშნა ირაკლი ალადაშვილმა.
„სტრატეგიის ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებლის, გიორგი თარგამაძის თქმით, არამხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებას, არამედ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად ამ დოკუმენტზე მუშაობის პროცესის გახსნილობას, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
„ვფიქრობ, ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავიზარდოთ, სიმწიფის თვალსაზრისით, როგორც პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა, საზოგადოებამ, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ერთმანეთთან თანამშრომლობის კუთხით და გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ერთმანეთის არა თუ მტრები, მოწინააღმდეგეებიც არ ვართ,განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიც ანტიტერორისტული პოლიტიკა და ღონისძიებები არის“, – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის თქმით, დადებითად აფასებს ფაქტს, რომ ტერორიზმთან ბრძოლის კონცეფცია არსებობს.
„დადებითად ვაფასებ თვითონ იმ მოვლენას, რომ დროა საქართველოში უწყებებს, განსაზღვრული ჰქონდეთ სტრატეგია და ტაქტიკა“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სუს-ის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია გააცნეს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.