ექიმის ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აეროპორტიდან გადაყვანილი შვიდი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ინფექციურ საავადმყოფოში გვიან ღამით გადაყვანილ შვიდ პაციენტს, ჩატარებული კვლევების შედეგად, ჯანმრთელობის მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღენიშნება.
კლინიკის ექიმის, ალექსანდრე გოგინავას ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე მათგანს 37 გრადუსამდე ტემპერატურა აქვს.
„შვიდი პაციენტიდან უმრავლესობა არის იტალიიდან ჩამოსული. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. რამდენიმეს აღენიშნება ტემპერატურის მატება 37 გრადუსამდე მაქსიმუმ. სხვა სერიოზული ჩივილი არ გააჩნიათ. აქვთ მხოლოდ მსუბუქი ყელის ტკივილი და მშრალი ხასიათის ხველა. მათი პასუხებიც დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
გვიან საღამოს შეყვანილ პაციენტებს კორონავირუსზე ანალიზს დილით აუღებენ.
როგორც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 25 პაციენტია მოთავსებული. ექიმების თქმით, ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს. ახალ კორონავირუსზე ჯერჯერობით 11 მათგანი არ არის გამოკვლეული. კლინიკაში ბოლოს მიღებული 11 პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულებს, ექიმის თქმით, ვირუსი მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს.
„ვისთანაც დადასტურებულია ახალი კორონავირუსული ინფექცია, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ამ ეტაპზე გართულებები არ აქვთ და იმყოფებიან მონიტორინგისა და კვლევის ფაზაში. ტემპერატურა დაბალი, 37,3 გრადუსამდე აღენიშნებათ. ამ ეტაპზე გამოწერა არ იგეგმება, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გართულებებს არ ველოდებით“, – განაცხადა ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ.