ექიმის ინფორმაციით, ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
„ჯეო ჰოსპიტალსის“ ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ექიმის, ხათუნა ლომსაძის ინფორმაციით, ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. როგორც ექიმი აცხადებს, ოთხივე დაშავებულს ზედაპირული ტრავმები აქვს.
„ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადების მიერ შემოყვანილი იქნა ოთხი პაციენტი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. არც ერთ მათგანს სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.
კიდევ ერთი არასრულწლოვანი მგზავრი იმყოფებიდა მანქანაში და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ დაფიქსირებულია ამ პაციენტთან ლეტალური გამოსავალი. ოთხი პაციენტი რჩება ჩვენთან დაკვირვების ქვეშ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ მხოლოდ ზედაპირული ტრავმები აქვთ“,- განაცხადა ექიმმა.
ბორჯომში დღეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა.