ექიმი - პარლამენტის წინ აქციისას მძიმედ დაშავებული მოქალაქე დღის ბოლომდე მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნება
ექიმი - პარლამენტის წინ აქციისას მძიმედ დაშავებული მოქალაქე დღის ბოლომდე მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნება

პარლამენტის წინ აქციისას მძიმედ დაშავებული მოქალაქე, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, დღის ბოლომდე მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნება. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, რომელიც ასევე რეგიონულ ჰოსპიტალში მკურნალობს, ექიმები მასზე დაკვირვებას განაგრძობენ. კლინიკის დირექტორის, ნათია ნუცუბიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა არ გაუარესებულა.

„რეგიონულ ჰოსპიტალში მკურნალობს სამი პაციენტი. აქედან ერთს კომბინირებული ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა – ნეიროქირურგიული და ოფთალმოლოგიური. წარმატებით დასრულდა ოპერაციები, მხედველობის აღდგენის პროცესი დაწყებულია. ეს პიროვნება გუშინ ფილტვების ხელოვნური მართვის აპარატიდან მოიხსნა, კონტაქტურია და არის დადებითი დინამიკა. რეანიმაციულ განყოფილებაში ორი პაციენტი განაგრძობს დაკვირვების ქვეშ მკურნალობას. ერთი მათგანის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან მოხსნის პროცესი მიმდინარეობს, კლინიკური პარამეტრების შესაბამისად. ამ დროისთვის მეორე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ადგილი არ ჰქონია,“- განაცხადა ნათია ნუცუბიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა ბოხუას თქმით, სამედიცინო დაწესებულებებში 23 პაციენტი რჩება და მათი ნაწილი დამატებითი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ კლინიკებს დატოვებს. მინისტრის მოადგილემ მედპერსონალს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სამინისტროს სახელით ჩვენს კოლეგებს, რომლებიც იყვნენ ჩართული ამ დღეებში. დიახ ეს თქვენი ვალია, მაგრამ გვსურს, გამოვხატოთ მადლიერება იმ ერთსულოვნების გამო, რომელიც სამედიცინო სამყაროში იყო. ხაზი მინდა გავუსვა თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურს ყველა ექიმის, ექთნისა თუ მძღოლის შრომას. ჩვენ გავდივართ კონსულტაციებს უცხოელ კოლეგებთან. 23-დან რამდენიმე პაციენტი ეტაპობრივად გაეწერება ბინაზე“,- განაცხადა ბოხუამ.