ექიმის ინფორმაციით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც საქართველოს პირველ არხს პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა, იმის საშიშროება, რომ პატრიარქმა ხვალ ვერ შეძლოს სინოდის სხდომაზე დასწრება, არ არსებობს.
„პატრიარქი ბრძანდება კარგად, ჩვეულებრივად, როგორც იყო ხოლმე ისე. იმის საშიშროება, რომ ხვალ ვერ შეძლოს სინოდის სხდომაზე დასწრება, არ არსებობს, ყველაფერი არის კარგად, ნორმალურად. ვაპირებდით განმეორებითი ანალიზების ჩატარებას, მაგრამ გადავდეთ. გარკვეული ავადმყოფობის შემდეგ ყოველთვის სჯობს, განმეორებით ჩავატაროთ ანალიზები. დღეს არ იყო ამის სიტუაცია. ალბათ ერთ კვირაში გავაკეთებთ განმეორებით ანალიზებს, რომ დავაკვირდეთ. ამ ეტაპზე პატრიარქი არის მისთვის ჩვეულებრივად, კარგად“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში 27 ოქტომბერს საკვირაო წირვას გაციების გამო ვერ დაესწრო.
წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება. სხდომა 12:00 საათზე არის დაგეგმილი.