წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება
წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება

წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

სინოდის სხდომა 12:00 საათზე არის დაგეგმილი. როგორც დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხდა, წმინდა სინოდის სხდომის დანიშვნის გადაწყვეტილება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აღნიშნავს, რომ სინოდის სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობიც დაესწრება.

„მინდა, ძალიან გთხოვოთ ჟურნალისტებს და მეგობრულად გირჩიოთ, რომ სანამ არ გექნებათ დაზუსტებული ინფორმაცია ეკლესიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ნუ გააკეთებთ წინდაწინ მკვეთრ განცხადებებს. ისედაც, საზოგადოება დაძაბულია და ელოდება ეკლესიისაგან განმარტებების გაკეთებას და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, გზაჯვარედინებზე მოსმენილ ამბებს ნუ მოუყვებით ქართულ საზოგადოებას. ეს ძაბავს ჩვენს საზოგადოებას და იწვევს მათ დამუხტვას უარყოფითად. დღეს რამდენჯერმე მოვისმინეთ მედიასაშუალებებით ინფორმაცია, თითქოსდა, პატრიარქი განარიდეს ქალაქს და ის აპირებდა განცხადების გაკეთებას გადადგომასთან დაკავშირებით. ეს არის ყველაფერი მტკნარი სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება. მისი უწმინდესობა ხშირად ტოვებს ხოლმე დედაქალაქს, ქალაქის მახლობლად რეზიდენციაში ის ატარებს რამდენიმე დღეს და ისევ ბრუნდება ქალაქში“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

მისივე თქმით, სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის განხილვა.

„მთავარი, რაც დამავალა მისმა უწმინდესობამ განცხადებისთვის ისაა, რომ 31 ოქტომბერს ჩაინიშნა სინოდის სხდომა, დღის 12:00 საათზე. ეს არის მისი უწმინდესობის გადაწყვეტილება. სულ რამდენიმე წუთის წინ მიიღო მისმა უწმინდესობამ ეს გადაწყვეტილება.

მეუფე იაკობი არის წმინდა სინოდის წევრი და ის დაესწრება სხდომას. ზეგ იქნება სინოდის სხდომა. წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის განხილვა. მეუფე იაკობმა გადაიხადა ფასი, რა აჟიოტაჟიც მოყვა მის განცხადებებს. მეუფე იაკობი რჩება წმინდა სინოდის წევრად, ის არის ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მის სინოდის წევრობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს“, – აღნიშნა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

დატოვე კომენტარი