ექიმების ინფორმაციით, სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს დეზინტოქსიკაციისთვის საჭირო მკურნალობის კურსი უტარდებათ
ექიმების ინფორმაციით, სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს დეზინტოქსიკაციისთვის საჭირო მკურნალობის კურსი უტარდებათ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღის 23 აღსაზრდელი ამ დრომდე სტაციონარში რჩება.

ექიმების განცხადებით, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და დეზინტოქსიკაციისთვის საჭირო მკურნალობის კურსი უტარდება.

ბუშეტის საბავშვო ბაღიდან ინტოქსიკაციის სიმპტომებით 23 აღსაზრდელი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ და ბავშვთა საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საბავშვო ბაღში საკვები პროდუქტების სინჯები აიღეს, ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზის დადგენამდე ბუშეტის საბავშვო ბაღი დროებით დაკეტილია.

შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 124 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.