ეპიდემოლოგების ჯგუფი კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი ტიპის ვირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანია.
სწორედ ამიტომ, გამყრელიძის განმარტებით, ეპიდემოლოგების ჯგუფი ხვალიდან კორონავირუსის შესახებ საინფორმაციო ღონისძიებებს ჩაატარებს.
„ჩინეთიდან უკვე გადადებულია რეისები, როგორც ვიცი, პირველ თებერვლამდე, მაგრამ ადამიანები შემოდიან სხვადასხვა სატრანზიტო ფრენებით (ყველაზე ხშირია სტამბულიდან ფრენა), დოჰადან და მრავალი ქვეყნიდან, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ ჩინელები შემოვიდნენ. როგორც გითხარით, ჩვენ მოვკრიბეთ ეს ინფორმაცია და საქართველოში თვის განმავლობაში შემოდის დაახლოებით, ოთხიდან ხუთი ათას ჩინელამდე,
ამავე დროს ჩინელები მუშაობენ ძალიან ბევრ დიდ მშენებლობაზე საქართველოში, ამასთან დაკავშირებით ზომები გვაქვს მიღებული, მაგალითად ხვალიდან ჩვენი ეპიდემოლოგების ჯგუფები ესტუმრებიან ხარაგაულის რაიონში აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს ავტობანზე მომუშავე ადამიანებს და იქ ჩაატარებენ ამ ტიპის საგანმანათლებლო სამუშაოებს.
ყველაზე მთავარია საინფორმაციო მუშაობა ამ ადამიანებთან, ვინც ჩინეთში არის ნამყოფი ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ჩამოვიდა ჩინეთიდან. მათ დაურიგდებათ ბუკლეტები, რომელიც სამ ენაზეა შედგენილი, რატომ ვამბობთ ხაზგასმით ორ კვირას, იცით რომ ინკუბაციური პერიოდი დღევანდელი მონაცემებით განისაზღვრება ხუთიდან თოთხმეტ დღემდე, თუმცა არის მონაცემები, რომ შეიძლება, ინკუბაციური პერიოდი უკვე შემცირდა 10-12 დღემდე. საჰაერო საზღრვების გარდა იგივე ხორციელდება სახმელეთო საზღვრებზე. ყველაზე მეტი შემოსვლა გვაქვს სარფიდან და რაც დღეს თბილისის აეროპორტში ხორციელდება, იგივე კეთდება იქაც“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.