ენტონი ფაუჩი უარყოფს მოსაზრებას, რომ კორონავირუსი ხელოვნურად არის შექმნილი ან ჩინეთის ლაბორატორიიდან შემთხვევით გავრცელდა
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, თეთრი სახლის ადმინისტრაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი ენტონი ფაუჩი უარყოფს მოსაზრებას, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურად არის შექმნილი ან ჩინეთის ლაბორატორიიდან შემთხვევით გავრცელდა.
ამის შესახებ ენტონი ფაუჩიმ ჟურნალ „ნეიშენალ ჯეოგრაფიკთან“ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც გამოცემასთან საუბრისას ექიმმა ფაუჩიმ აღნიშნა, ხელმისაწვდომი კვლევა აჩვენებს, რომ ვირუსი ბუნებრივად არის წარმოქმნილი.
„თუ შეხედავთ ვირუსის ევოლუციას ღამურებში, კვლევა ძლიერად იხრება იმისკენ, რომ ამ ვირუსით ხელოვნურად ან მიზანმიმართულად მანიპულირება შეუძლებელი იყო, რადგან მუტაციები ვითარდებოდა ბუნებრივი გზით. ბევრი ძალიან კვალიფიციური ბიოლოგი-ევოლუციონისტი აცხადებს, რომ ყველაფერი, რაც ეტაპობრივ ევოლუციას ეხება, მტკიცედ მიუთითებს, რომ ის განვითარდა ბუნებაში“, – განაცხადა ფაუჩიმ.
რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ არ გამორიცხა, რომ ვირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა.