ენტონი ფაუჩი ჩინეთს მოუწოდებს, უხანის ლაბორატორიის თანამშრომლების სამედიცინო ისტორიები გაასაჯაროოს
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ექიმი ენტონი ფაუჩი ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, გაასაჯაროოს ცხრა ადამიანის სამედიცინო ისტორია, რამაც შესაძლოა, დაასრულოს კორონავირუსის წარმომავლობის საკითხზე მიმდინარე დისკუსია.
კერძოდ, აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი უხანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიის სამი თანამშრომლის, ასევე ექვსი მაღაროელის სამედიცინო ისტორიების გასაჯაროებას ითხოვს.
ფაუჩის განცხადებას გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.
„მე ვისურვებდი, ვიხილო იმ სამი ადამიანის სამედიცინო ისტორია, რომლებიც გავრცელებული ცნობით, 2019 წელს დაავადდნენ. დაავადდნენ თუ არა ისინი ნამდვილად და თუ კი, რით?“, – განაცხადა ფაუჩიმ.
„კოვიდ-19“-ის წარმოშობის საკითხი კვლავ დავის საგანს წარმოადგენს. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები სწავლობენ ცნობებს, რომლის თანახმად, უხანში მდებარე ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მკვლევრები სერიოზულად ავად გახდნენ 2019 წლის ნოემბერში, „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევის აღრიცხვამდე ერთი თვით ადრე. რაც შეეხება მაღაროელებს, ექვსი მაღაროელი ავად გახდა 2012 წელს ღამურების გამოქვაბულში შესვლის შემდეგ.
ჩინეთის ხელისუფლება და ჩინელი მეცნიერები კატეგორიულად უარყოფენ ვირუსის ლაბორატორიული წარმომავლობის თეორიას და არ გამორიცხავენ, რომ ვირუსი ჩინეთში იმპორტირებული გაყინული სურსათის შედეგად მოხვდა.