ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსი მისი ყველაზე საშინელი ღამის კოშმარია
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ექიმი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ კორონავირუსი მისი ყველაზე საშინელი ღამის კოშმარია.
„სიენენის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა საერთაშორისო კონვენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ებოლა საშიში იყო, თუმცა ებოლა არასდროს გადაეცემა მარტივად“, – აღნიშნა ფაუჩიმ.
ექიმის თქმით, წარსულში როდესაც მას ეკითხებოდნენ, თუ როგორი იქნებოდა დაავადება, რომელიც მისი ყველაზე საშინელი კოშმარი იქნება, ის ხშირად აღწერდა ახალ რესპირატორულ ინფექციას, რომელიც ადამიანებში ცხოველებიდან გავრცელდებოდა და ექნებოდა გადაცემის ძალიან მაღალი ხარისხი.
ფაუჩის თქმით, მსოფლიომ იხილა არაერთი ეპიდემია, რომელსაც გააჩნია ზოგიერთი ნიშანი ამ დახასიათებიდან, თუმცა „კოვიდ-19“-ს ყველა ეს მახასიათებელი ერთად გააჩნია.
„ახლა ჩვენ გვაქვს საქმე იმასთან, რაც ჩემი ყველაზე საშინელი ღამის კოშმარი აღმოჩნდა. ოთხთვიან პერიოდში მან გაანადგურა მსოფლიო“, – აღნიშნა ფაუჩიმ.
ამერიკელი ეპიდემიოლოგის თქმით, „კოვიდ-19“ მოულოდნელად სწრაფად გავრცელდა.
„მან დაიპყრო პლანეტა და ჯერ კიდევ არ დასრულებულა“, – აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.