ენტონი ბლინკენმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საბჭოში რუსეთის წევრობა ეჭვქვეშ დააყენა
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ენტონი ბლინკენმა ეჭვქვეშ დააყენა საბჭოში რუსეთის წევრობა.
„ჩნდება გონივრული კითხვა, უნდა დარჩეს თუ არა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად ქვეყანა, რომელიც ცდილობს, დაიპყროს გაერო-ს სხვა სახელმწიფო, სჩადის ადამიანის უფლებების საშინელ დარღვევებს და იწვევს მასშტაბურ ჰუმანიტარულ ტანჯვას?“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ მტკიცედ და ცალსახად უნდა დაგმოს რუსეთის მცდელობა, დაამხოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და მისი მხრიდან ადამიანის უფლეების დარღვევები.
ენტონი ბლინკენის განმარტებით, რუსეთის მიერ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების შემთხვევების რაოდენობა ყოველ საათში იზრდება.
„რუსეთი დარტყმებს ახორციელებს სკოლებზე, საავადმყოფოებზე, საცხოვრებელ სახლებზე. ისინი ანადგურებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რომელიც უკრაინაში მილიონობით ადამიანს უზრუნველყოფს სასმელი წყლით, ბუნებრივი აიარით და ელექტროენერგიით, რათა ისინი ყინვისგან არ მოკვდნენ“, – განაცხადა ბლინკენმა.