ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ აშშ-მა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების ნებართვა მისცა
ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ აშშ-მა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების ნებართვა მისცა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ აშშ-მა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების ნებართვა მისცა.

ბლინკენის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნებართვა მისცა უკრაინას, გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთის შიგნით მდებარე ობიექტებზე, რომლებიც უკრაინის ქალაქ ხარკოვს უტევენ.

როგორც მედია წერს, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ბლინკენმა არ დააკონკრეტა, შეიძლება თუ არა ბაიდენის უფლებამოსილება გაფართოვდეს რუსეთის სხვა ქალაქებზე.

მისი თქმით, აშშ პასუხობს იმას, რაც დაინახა ხარკოვის რეგიონში და მის გარშემო.

„უკრაინამ გვთხოვა ნებართვა, გამოეყენებინათ იარაღი, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ამ აგრესიისგან თავის დასაცავად, მათ შორის რუსული ძალების წინააღმდეგ, რომლებიც იკრიბებიან საზღვრის რუსულ მხარეს და შემდეგ უკრაინას უტევენ. ეს თხოვნა პირდაპირ მივიდა პრეზიდენტთან და როგორც უკვე გაიგეთ, მან მისცა ნებართვა, გამოიყენონ ჩვენი იარაღი ამ მიზნით“, – განაცხადა ბლინკენმა.

მისივე თქმით, აშშ წარადგენს უკრაინის მხარდაჭერის პაკეტს, რომელიც გააძლიერებს ნატო-ს თანამშრომლობას და მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.

„როგორც მოკავშირეები შეთანხმდნენ და ნათლად განაცხადეს ვილნიუსში, ბოლო სამიტის დროს, უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენი მიზანი ახლა არის ხიდის აშენება, რათა უკრაინა დაუახლოვდეს და საბოლოოდ მივიდეს ნატო-ს წევრობამდე. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის ხიდი, რომელსაც, ვფიქრობ, იხილავთ სამიტზე. სამიტზე ჩვენ წარვადგენთ უკრაინის მხარდაჭერის ძლიერ პაკეტს, რომელიც გააძლიერებს ნატო-ს თანამშრომლობას და მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის ნატოში ინტეგრაციას“, – განაცხადა ბლინკენმა.