ენტონი ბლინკენი - ვაშინგტონმა ყურადღება ავღანეთიდან ჩინეთზე და მსოფლიო დღის წესრიგის სხვა საკითხებზე უნდა გადართოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონმა ყურადღება ავღანეთიდან ჩინეთზე და მსოფლიო დღის წესრიგის სხვა საკითხებზე უნდა გადართოს. ტელეკომპანია „ეიბისისთან“ ინტერვიუში, აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ ტერორისტულმა საფრთხემ სხვა ადგილებში გადაინაცვლა და ახლა პოლიტიკურ დღის წესრიგში სხვა მნიშვნელოვანი საკითხებია, როგორიცაა ურთიერთობა ჩინეთთან, კლიმატურ ცვლილებებთან და კოვიდთან გამკლავება და აშშ-მა ენერგიის და რესურსების მობილიზება სწორედ ამ მიმართულებით უნდა მოახდინოს.
„ჩვენ ახლა მსოფლიოს ვუყურებთ და უნდა დავინახოთ 2021 წლის პრიზმაში და არა 2001 წლის. ავღანეთიდან, ალ-ქაიდას მხრიდან აშშ-ის მიმართ საფრთხეები მნიშვნელოვნად შემცირდა. ჩვენ წავედით ავღანეთში 20 წლის წინ და წავედით იმიტომ, რომ თავს დაგვესხნენ 9/11-ში. წავედით იმ პირების წინააღმდეგ, ვინც თავს დაგვესხა და დავრწმუნდით, რომ ავღანეთი აღარ გახდებოდა ტერორიზმის თავშესაფარი მიმართული შეერთებული შტატების, ან ჩვენი რომელიმე მოკავშირისა და პარტნიორების მიმართ. ჩვენ მივაღწიეთ იმ მიზნებს, რომლის მიღწევაც მანამდე დავისახეთ“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.