ენტონი ბლინკენი - უკრაინა ახლა რთულ პერიოდს გადის, თუმცა აშშ-ის დახმარება უკვე გზაშია, ეს დახმარება გადამწყვეტი იქნება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას საჰაერო თავდაცვის სისტემების საკითხზე ისაუბრა.
უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ ბლინკენს განუცხადა, რომ ხარკოვის მიმართულებით უკრაინას „პეტრიოტის“ სისტემები სჭირდება, რადგან საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა.
„ჩვენ ახლა ძალიან გვჭირდება ორი „პეტრიოტი“ ხარკოვისა და რეგიონისთვის, რადგან იქ ხალხი თავდასხმის ქვეშაა“, – ამბობს ზელენსკი.
თავის მხრივ, ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა რთულ პერიოდს გადის, თუმცა აშშ-ის დახმარება უკვე გზაშია და გარკვეული თავდაცვითი აღჭურვილობა კვლავ იქნება მიწოდებული უკრაინისთვის. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თქმით, დარწმუნებულია, რომ ეს დახმარება გადამწყვეტი იქნება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ჩვენ მტკიცედ გვაქვს განზრახული, როგორც უკრაინის სხვა პარტნიორებს, დავრწმუნდეთ, რომ თქვენ მიაღწევთ წარმატებას ბრძოლის ველზე“, – ამბობს ბლინკენი.