ენტონი ბლინკენი - რუსეთმა იგრძნო, რომ მსოფლიო არ მიიღებდა მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე მოსკოვის უარს
ენტონი ბლინკენი - რუსეთმა იგრძნო, რომ მსოფლიო არ მიიღებდა მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე მოსკოვის უარს

რუსეთმა იგრძნო, რომ მსოფლიო არ მიიღებდა მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე მოსკოვის უარს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისივე თქმით, „დიდმა ოცეულმა“ მკაფიო გზავნილით მიმართა ვლადიმერ პუტინს, რომ უკრაინიდან შავი ზღვის გავლით მარცვლეულისა და სხვა პროდუქციის ექსპორტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების გაგრძელებაზე რუსეთის უარი მსოფლიოსთვის მიუღებელი იქნებოდა.

ამასთან, ენტონი ბლინკეის თქმით, პუტინი კვლავაც ახდენს მსოფლიოს მოწოდებების იგნორირებას, რომ უკრაინაში დეესკალაცია აუცილებელია.

„ჩვენ ერთად გავუგზავნეთ მკაფიო გზავნილი რუსეთის პრეზიდენტს, რომ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელება უნდა მოხდეს. მისი ვადა 19 ნოემბერს იწურებოდა. რუსეთმა ის გაიგონა და როგორც ჩანს, იგრძნო, რომ მსოფლიო არ მიიღებდა მოსკოვის უარს შეთანხმების გაგრძელებაზე. ამასთან, პრეზიდენტი პუტინი აგრძელებს დეესკალაციის შესახებ გლობალური მოწოდების იგნორირებას. ამის ნაცვლად ის ირჩევს ესკალაციის გზას, უამრავ რაკეტას ესვრის უკრაინის ინფრასტრუქტურას, რომელიც სითბოთი, წყლით და დენით უზრუნველყოფს მილიონობით მოქალაქეს”, – განაცხადა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა, თურქეთი და გაერო დღეს შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების 120 დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. რუსეთი წინააღმდეგი არ წასულა.