ენტონი ბლინკენი - რუსეთმა განავითარა სამხედრო შესაძლებლობები და სტრატეგიები, რათა ძირი გამოუთხაროს წესრიგს, რომელიც უზრუნველყოფს კოლექტიურ უსაფრთხოებას
ენტონი ბლინკენი - რუსეთმა განავითარა სამხედრო შესაძლებლობები და სტრატეგიები, რათა ძირი გამოუთხაროს წესრიგს, რომელიც უზრუნველყოფს კოლექტიურ უსაფრთხოებას

რუსეთმა განავითარა სამხედრო შესაძლებლობები და სტრატეგიები, რათა გამოწვევის წინაშე დააყენოს ნატო-ს მოკავშირეები და ძირი გამოუთხაროს წესრიგს, რომელიც უზრუნველყოფს კოლექტიურ უსაფრთხოებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ალიანსების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის დასადასტურებლად სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ენტონი ბლინკენის თქმით, დასავლური სამყაროს წინაშე არსებულ საფრთხეებთან გამკლავებას ქვეყნები მხოლოდ ალიანსში და პარტნიორებთან ერთად შეძლებენ.

სახელმწიფო მდივანმა იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც ამ გამოწვევების დასაძლევად არის საჭირო. მისი თქმით, საჭიროა ყველაზე სერიოზული საფრთხეების იდენტიფიცირებით დაწყება, რომელიც სამ კატეგორიად იყოფა. კერძოდ, ბლინკენის თქმით, პირველი კატეგორია, ეს არის სამხედრო საფრთხეები სხვა ქვეყნებიდან, რაც „კარგად ჩანს ჩინეთის ძალისხმევაში, საფრთხე შეუქმნას ნავიგაციის თავისუფლებას, განახორციელოს სამხრეთ ჩინეთის ზღვის მილიტარიზაცია, რათა სამიზნეში ჰყავდეს ინდო-წყნარი ოკეანის ქვეყნები დახვეწილი სამხედრო შესაძლებლობების საშუალებით“.

ბლინკენის თქმით, ეს ასევე ჩანს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებსა და სტრატეგიებში.

„ეს ასევე ჩანს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებსა და სტრატეგიებში, რომელიც რუსეთმა განავითარა, რათა გამოწვევის წინაშე დააყენოს ალიანსის მოკავშირეები და ძირი გამოუთხაროს იმ წესრიგს, რომელიც უზრუნველყოფს კოლექტიურ უსაფრთხოებას. ეს მოიცავს მოსკოვის აგრესიას აღმოსავლეთ უკრაინაში, ძალთა ზრდას, ფართომასშტაბიან წვრთნებს და ბალტიისა და შავი ზღვაში, ხმელთაშუა და უკიდურეს ჩრდილოეთში, დაშინების აქტებს, ბირთვული შესაძლებლობების მოდერნიზებას და კრიტიკულად განწყობილი პირების მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენებას ნატო-ს ტერიტორიაზე“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მეორე ასეთი კატეგორიად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ამავე ქვეყნებიდან ისეთი არასამხედრო საფრთხეები დაასახელა, როგორიცაა ტექნოლოგიები, ეკონომიკა და ინფრასტრუქტურული ტაქტიკა, რაც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას.

„ეს მოიცავს დეზინფორმაციული კამპანიების გამოყენებასა და კორუფციას, რათა გააღვივონ უნდობლობა დემოკრატიის მიმართ, ასევე კიბერთავდასხმები, რომლის სამიზნეც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და ინტელექტუალური საკუთრების მოპარვაა, ჩინეთის მიერ ავსტრალიის აშკარა ეკონომიკური შევიწროებიდან დაწყებული, რუსეთის მიერ დეზინფორმაციის გამოყენება ნდობის შესარყევად არჩევნებში და უსაფრთხო და ეფექტურ ვაქცინების მიმართ. ეს აგრესიული ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს, არამედ ჩვენს საერთო ფასეულობებს“, – განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, მესამე კატეგორია კლიმატური ცვლილებები და „კოვიდ-19“-ის გლობალური კრიზისია. როგორც სახელმწიფო მდივანი განმარტავს, ამ ყველაფერთან ადაპტირებისთვის საჭიროა ალიანსებსა და იმ საერთო ფასეულობებთან დაბრუნება, რომლებსაც ეს კავშირები მოიცავს. ამასთან, ბლინკენის თქმით, საჭიროა ამ ალიანსების მოდერნიზება, მათ შორის სამხედრო შესაძლებელობებისა და მზაობის გაძლიერება, ასევე მოკავშირეებისა და პარტნიორების უფრო ფართო კოალიციებში გაერთიანება.