ენტონი ბლინკენი - პუტინი უკრაინაში კიევის ზღურბლზე იმყოფებოდა და ცდილობდა, რამდენიმე დღეში აეღო ქალაქი, ახლა მას მოუწია, დაეცვა მოსკოვი საკუთარი დაქირავებული ჯარისკაცისგან
პუტინი უკრაინაში კიევის ზღურბლზე იმყოფებოდა და ცდილობდა, რამდენიმე დღეში აეღო ქალაქი და წაეშალა ქვეყანა რუკიდან, ახლა მას მოუწია, დაეცვა მოსკოვი, რუსეთის დედაქალაქი, საკუთარი დაქირავებული ჯარისკაცისგან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „ვაგნერის“ დაქირავებული ჯარისკაცების ხანმოკლე აჯანყება პუტინის ხელისუფლებაში „ნამდვილ ბზარებს“ ავლენს.
ენტონი ბლინკენის განცხადებით, დაჯგუფების და მისი ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყება იყო „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ხელისუფლებისთვის“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ რა მოხდება შემდეგ.
„ეს მოძრავი სურათია და ჩვენ ჯერ არ გვინახავს ბოლო მოქმედება რუსეთში“, – აღნიშნა ბლინკენმა.