ენტონი ბლინკენი - მხარს დავუჭერთ მცდელობებს, იქნება ეს ბრაზილიის, ჩინეთის ან სხვა ქვეყნის, თუ ისინი დაგვეხმარებიან გზის პოვნაში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისკენ
ჩვენ მხარს დავუჭერთ მცდელობებს, იქნება ეს ბრაზილიის, ჩინეთის თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის, თუ ისინი დაგვეხმარებიან გზის პოვნაში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისკენ, რომელიც შეესაბამება გაერო-ს წესდების პრინციპებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ვაშინგტონი მუშაობს უკრაინასთან, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის ძირითადი ელემენტების გარშემო კონსენსუსის შესაქმნელად.
„სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა იცავდეს გაერო-ს წესდებას და ადასტურებდეს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს. სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა მოითხოვს უკრაინის სრულ მონაწილეობას და თანხმობას. არაფერი უკრაინაზე, უკრაინის გარეშე. ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო, პრაქტიკულად ყველა ზომით, პრეზიდენტ პუტინის შეჭრა უკრაინაში სტრატეგიული მარცხი იყო. კრემლი ხშირად ამტკიცებდა, რომ მას ჰყავდა მეორე ყველაზე ძლიერი არმია მსოფლიოში და ბევრს სჯეროდა ამის. დღეს ბევრი ხედავს რუსეთის არმიას, როგორც მეორე უძლიერესს უკრაინაში“, – თქვა ენტონი ბლინკენმა.