ენტონი ბლინკენი - ლიბანში ისრაელის მიზანი ლეგიტიმურია, ისრაელს აქვს უფლება, ტერორიზმისგან თავი დაიცვას
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ლიბანში ისრაელის მიზანი ლეგიტიმურია.
ბლინკენის თქმით, ისრაელი საკმარისად უსაფრთხო გარემოს ქმნის იმისთვის, რომ ხალხმა სახლში დაბრუნება შეძლოს.
„ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას ტერორიზმისგან“, – განაცხადა ბლინკენმა და აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ აკეთებ ამას.
„არჩევანი, რომელსაც ყველა მხარე უახლოეს დღეებში გააკეთებს, განსაზღვრავს, თუ რომელ გზას დაადგება ეს რეგიონი, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვება თავისი ხალხისთვის ახლა და მომავალ წლებში“, – განაცხადა ბლინკენმა.
მისივე თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ დიპლომატიაა.
ლიბანში ბოლო რამდენიმე დღეა, მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. დღეს ბეირუთზე ისრაელის მიერ კიდევ ერთი იერიში განხორციელდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის სამიზნე ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა იყო. გავრცელებული ცნობებით, ჰასან ნასრალა ცოცხალია.