ენტონი ბლინკენის განცხადებით, F-16-ის ტიპის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინის ცაში წელს, ზაფხულში იფრენენ
ენტონი ბლინკენის განცხადებით, F-16-ის ტიპის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინის ცაში წელს, ზაფხულში იფრენენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, F-16-ის ტიპის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინის ცაში წელს, ზაფხულში იფრენენ. ბლინკენმა აღნიშნული განცხადება ნატო-ს სამიტის პარალელურად მიმდინარე საჯარო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ახლა, როდესაც ვსაუბრობთ, F-16-ების უკრაინისთვის გადაცემის პროცესი უკვე დაწყებულია. მათ შორის დანიიდან, ნიდერლანდებიდან. ეს თვითმფრინავები უკრაინის ცაში წელს ზაფხულში იფრენენ, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ განაგრძოს საკუთარი თავის ეფექტურად დაცვა რუსეთის აგრესიისგან“, – განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენმა ასევე ისაუბრა, რას გულისხმობს ომში უკრაინის წარმატება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოსაზრებით, წარმატებად შეიძლება იყოს მიჩნეული „ძლიერი, დამოუკიდებელი უკრაინა, რომელიც ინტეგრირებულია ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან, როგორებიცაა ევროკავშირი, ნატო და შეუძლია, მყარად იდგეს ფეხზე როგორც სამხედრო კუთხით, ისე ეკონომიკურად და დემოკრატიის თვალსაზრისითაც“.

„ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ უკრაინა სწორედ ამ გზას ადგას. სამხედრო კუთხით გვაქვს საოცრად ძლიერი პაკეტი, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში გავასაჯაროებთ ნატო-ში. ეს პაკეტი ქმნის მკაფიო, ძლიერ ხიდს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ. მათ შორის, პირველად ნატო-ს ისტორიაში ასპირანტი ქვეყნისთვის შეიქმნება სარდლობა, რომელიც უკრაინას ალიანსში გაწევრიანებაში დაეხმარება. ეს ექსტრაორდინარულია“, – განაცხადა ბლინკენმა.