ენტონი ბლინკენი - ჩვენ უარვყოფთ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას, ეს სამარცხვინოა
აშშ ფუნდამენტურად უარყოფს ჰააგის სასამართლოს პროკურორის განცხადებას, რომელშიც ის ითხოვს ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერს, „ჰამასის“ ტერორისტების დაკავების ორდერებთან ერთად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ უარვყოფთ პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას. ეს სამარცხვინოა. „ჰამასი“ არის სასტიკი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც მოაწყო ებრაელების ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტა ჰოლოკოსტის შემდეგ და დღემდე მძევლად ჰყავს აყვანილი ათეულობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ამერიკელები. უფრო მეტიც, აშშ-მა ნათლად აჩვენა მიმდინარე კონფლიქტამდე დიდი ხნით ადრე, რომ ჰააგის სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია ამ საკითხზე. ჰააგის სასამართლო შეიქმნა მისი მონაწილე სახელმწიფოების მიერ, როგორც შეზღუდული იურისდიქციის სასამართლო“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი არ იყო სასამართლოს წევრი, მზად იყო ეთანამშრომლა პროკურორთან.
„თავად პროკურორი ისრაელში უნდა ჩასულიყო მომავალ კვირას, რათა განეხილა გამოძიების პროცესი და მოესმინა ისრაელის მთავრობისთვის. პროკურატურის თანამშრომლები ვიზიტის კოორდინაციის მიზნით, ისრაელში დღეს უნდა ჩასულიყვნენ. ისრაელს აცნობეს, რომ ისინი არ ასულან თვითმფრინავში და იმავე დროს, პროკურორმა ტელევიზიით განაცხადა ბრალდების შესახებ. ეს და სხვა გარემოებები ეჭვქვეშ აყენებს ამ გამოძიების ლეგიტიმურობასა და სანდოობას. ფუნდამენტურად, ეს გადაწყვეტილება არაფრით ეხმარება და შეიძლება, საფრთხე შეუქმნას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მცდელობებს, რომლითაც მძევლები დაბრუნდებიან და რომლითაც ჰუმანიტარული დახმარება გაიზრდება, რომელი შეთანხმების მიღწევის მცდელობებსაც აგრძელებს აშშ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს.