ენტონი ბლინკენი - აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების ერთგულია, პირდაპირი დიალოგი არის საუკეთესო გზა ჭეშმარიტად ხანგრძლივი მშვიდობისკენ
ენტონი ბლინკენი - აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების ერთგულია, პირდაპირი დიალოგი არის საუკეთესო გზა ჭეშმარიტად ხანგრძლივი მშვიდობისკენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

როგორც ბლინკენმა არარატ მირზოიანთან და ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, აშშ მხარს უჭერს დიალოგს, რადგან მისი თქმით, ეს არის საუკეთესო გზა ჭეშმარიტად ხანგრძლივი მშვიდობისკენ. მან ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა ორივე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების ერთგულია. პირდაპირი დიალოგი არის საუკეთესო გზა ჭეშმარიტად ხანგრძლივი მშვიდობისკენ და ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ მას. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომენტი ორივე ქვეყნის უფლებების უზრუნველყოფაში, იმ უფლებების, რომლებსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. ვფიქრობ, უნდა აღინიშნოს, რომ 30 წელზე მეტი ხანგრძლივობის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა გამოიწვია უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური დანაკარგი – ადამიანების დაკარგული სიცოცხლე, ღრმა იარები, თუმცა ის, რასაც ახლა ვხედავთ, არის ნამდვილი და მამაცი ნაბიჯები ორივე ქვეყნის მხრიდან, რომლებიც მიმართულია წარსულის უკან დასატოვებლად და ხანგრძლივი მშვიდობისთვის მუშაობისკენ. ორივე ქვეყანა მუშაობს ამ მიზნისთვის და საბოლოოდ, სამხრეთ კავკასიისთვის უფრო ნათელი მომავლისთვის“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ არის როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მეგობარი და მზად არის, ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია, მშვიდობის მისაღწევად მათი ძალისხმევის მხარდასაჭერად.