ენტონი ბლინკენი - აშშ მზადაა, უკრაინას გადასცეს ყველაფერი, რაც კიევს სჭირდება ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრიტანელ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მზადაა, უკრაინას გადასცეს ყველაფერი, რაც კიევს სჭირდება ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად. ამასთან, ბლინკენის განცხადებით, მიუღებელია რუსეთის მოთხოვნა კიევის მიმართ, რომ უკრაინამ ახალი ტერიტორიული რეალობა აღიაროს.
„თქვენ თუ გადახედავთ ტრაექტორიას „სტინგერებიდან“ „ჯაველინებამდე“ და „ჰაიმარსებიდან“ სარაკეტო ბატარეა „პეტრიოტებამდე“, დაინახავთ, რომ ჩვენ მუდმივად ვაწვდით კიევს იმას, რაც უკრაინას სჭირდება. ამას იმგვარად ვაკეთებთ, რომ დავრწმუნდეთ, ეს დახმარება პასუხობს ბრძოლის ველზე მიმდინარე მოვლენებს“, – განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, პუტინი თუ ფიქრობს, რომ მსოფლიო დაიღლება უკრაინით და აღარ ექნება რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნება, ის ცდება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეაქო დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის. თავის მხრივ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ ნატო დღეს ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს.
„უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი არასდროს ყოფილა ისეთი იზოლირებული, როგორც დღესაა, ხოლო ნატო ისეთი ერთიანი, როგორიც ის ახლა არის“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.