ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინის დასახმარებლად მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინის დასახმარებლად მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ვაშინგტონი უკრაინის დასახმარებლად მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს. ამის შესახებ ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის გვერდით დგომას და დღეს ამ ერთობლივი ძალისხმევის ფარგლებში ვაცხადებთ ერთი მილიარდი დოლარზე მეტი დახმარების შესახებ“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

ახალ პაკეტში გათვალისწინებულია 665,5 მილიონი აშშ დოლარი სამხედრო და სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ბლინკების განმარტებით, ახალი პაკეტი ასევე მოიცავს 175 მილიონ აშშ დოლარს „შეერთებული შტატებისგან უკრაინის საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რაც გადაუდებელი საჭიროებაა“.

„უსაფრთხოების ახალი დაფინანსება, რომელსაც დღეს ვაცხადებთ, გაძლიერდება ამ შემოდგომაზე ამერიკული „აბრამსის“ ტანკების ჩამოსვლითა და შეერთებულ შტატებში F-16-ზე უკრაინელი პილოტების წვრთნით“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მისივე თქმით, მთლიანობაში აშშ-მა რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ 43 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გასწია.

ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით კიევში 6 სექტემბერს ჩავიდა.