ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტურისტულ ლოკაციას ქეთი მელქაძის საგამოფენო სივრცე შეემატა
ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტურისტულ ლოკაციას კიდევ ერთი სიახლე დაემატა – ქეთი მელქაძის გალერეა Fe room, სადაც წარმოდგენილია ხელოვანის ნამუშევრების მუდმივი გამოფენა.
სტუმრებს საშუალება აქვთ, დაათვალიერონ მხატვრის ნამუშევრები და ასევე, მონაწილეობა მიიღონ მასტერკლასში, სადაც ხელოვანი მათ უზიარებს რკინის ბადეზე მუშაობის მის მიერ შემუშავებულ მეთოდს.
ქეთი მელქაძე ნამუშევრებს სამშენებლო რკინის ბადით, მავთულით, ზეთის საღებავებითა და ცარცით ქმნის. აღსანიშნავია, რომ ეს ნიჭი საკუთარ თავში ქეთი მელქაძემ 50 წლის ასაკში აღმოაჩინა. ქეთი მელქაძის ნამუშევრების არაერთი გამოფენა მოეწყო საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. 2018 წელს გამოიცა მხატვრის კატალოგი, რომელშიც შევიდა მისი საუკეთესო ნამუშევრები, რომლის ნაწილიც კერძო კოლექციონერებთანაა დაცული. მოქანდაკე მუდმივად აწყობს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვებს.