ენერგორესურსების მზარდ ფასებთან დაკავშირებით, გერმანიის ექვს ქალაქში ათობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა
ენერგორესურსების მზარდ ფასებთან დაკავშირებით, გერმანიის ექვს ქალაქში ათობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა

ენერგორესურსების მზარდ ფასებთან დაკავშირებით, გერმანიის ექვს ქალაქში ათობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, დემონსტრანტები ენერგორესურსებზე მზარდ ფასებთან გასამკლავებლად სამთავრობო ფონდების სამართლიან განაწილებას და წიაღისეული საწვავიდან ენერგიის განახლებად წყაროებზე უფრო სწრაფ გადასვლას ითხოვდნენ.

საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ბერლინში, დუსელდორფში, ჰანოვერში, შტუტგარტში, დრეზდენსა და ფრანკფურტში.

დემონსტრაციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, „გრინფისის“ მონაცემებით, აქციებში 24 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ამასთან, პოლიციის მონაცემებით, ბერლინში დემონსტრაციაზე 1 800-მდე პირი შეიკრიბა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა უფრო მეტად სჭირდება დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს.

მანამდე, გერმანიის პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობის მიერ წარდგენილი 200 მილიარდი ევროს ოდენობის ანტიკრიზისული პაკეტი, რომლის მიზანია ენერგორესურსების მზარდი ფასების ფონზე კომპანიებისა და ოჯახების დახმარება. პაკეტი მოიცავს ოჯახებისთვის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბუნებრივი აირის ერთი თვის გადასახადის დაფარვას და ასევე მარტიდან ფასების შეზღუდვის მექანიზმს.

გერმანიაში სექტემბერში ინფლაციამ ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და 10,9% შეადგინა.