ენერგოომბუდსმენი აცხადებს, რომ სემეკ-ის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება და გაზის ტარიფის კორექტირება არის საფუძვლიანი
2019 წლიდან მიმდინარე პერიოდამდე, კომპანიისთვის ზარალმა შეადგინა დაახლოებით 23 მილიონი ლარი და საგულისხმო იყო, რომ ის შესასყიდ ფასს იხდიდა იმ კურსში, რომელიც დიდი ხანია აღარ არსებობდა, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა „თბილისის ენერჯის“ აბობენტებისთვის ტარიფის გაზრდის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ „თბილისი ენერჯი“ სატარიფო კორექტირების მოთხოვნით მიმართავდა მარეგულირებელ კომისიას.
„შევამოწმეთ სამართლებრივი საფუძვლები და ყველა ის ნორმატიული აქტი, რომელიც სატარიფო საქმის წარმოების პროცესში გამოიყენა მარეგულირებელმა კომისიამ. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დადგენილ დრომდე წარმოედგინათ მოსაზრებები აღნიშნულთან დაკავშირებით. წარმოდგენილი იყო ზუსტი ციფრები და ზუსტი დაანგარიშება, რასაც ვერ გავექცეოდით. 2019 წლიდან მიმდინარე პერიოდამდე, კომპანიისთვის ზარალმა შეადგინა დაახლოებით 23 მილიონი ლარი და საგულისხმო იყო, რომ ის შესასყიდ ფასს იხდიდა იმ კურსში, რომელიც დიდი ხანია აღარ არსებობდა. ამიტომ, დღეს მიღებული გადაწყვეტილება და ტარიფის კორექტირება არის საფუძვლიანი. ნებისმიერი ცვლილება, ტარიფის მატებასთან დაკავშირებით აისახება უარყოფითად მომხმარებლების მატერიალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, შესაბამისად სოციალურ პაკეტებზე მუშაობა ალბათ გარდაუვალი იქნება შემდგომ ეტაპზე, ცივი ეტაპის დადგომისთანავე“, – განაცხადა ვარდიაშვილმა.