ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი - ევროკომისიამ აღიარა სულისკვეთება და მისწრაფება, რომელიც საქართველოს აქვს, ახლა ქვეყანამ უნდა განსაზღვროს რეფორმების ტემპი, გისურვებთ წარმატებას
პირველი ენერგეტიკული დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საუბარი გვქონდა იმ აქტიურ საკითხებზე, რომლებიც ენერგეტიკის სექტორში არსებობს და რა უნდა გაკეთდეს საქართველოს მიერ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს – ეს არის რეფორმები, ინვესტიციები და საკვანძო ინფრასტრუქტურული პროექტები, – ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კადრი სიმსონმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგეტიკული დიალოგის ფორმატში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, „ეს დიალოგი არის ინტენსიური პროცესის შემადგენელი“.
„საქართველოს აქვს ევროკომისიის მხარდაჭერა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზეც გვაქვს გაცემული რეკომენდაცია. დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რომ ქვეყანა გახდეს ჯერ კანდიდატის სტატუსის მქონე და შემდეგ – ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამავდროულად, ეს არის პროცესი. საქართველომ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ, რომელიც ჩვენ ვაღიარეთ, მაგრამ კიდევ არის წინსვლა საჭირო იმ 12 პრიორიტეტის მიმართულებით, რომლებიც გასულ წელს გაიწერა. ამ წინსვლის საფუძველზე ჩვენ ვაღიარეთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევა. საუბარი გვქონდა იმ აქტიურ საკითხებზე, რომებლიც ენერგეტიკის სექტორში არსებობს და რა უნდა გაკეთდეს საქართველოს მიერ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს – ეს არის რეფორმები, ინვესტიციები და საკვანძო ინფრასტრუქტურული პროექტები“, – აღნიშნა კადრი სიმსონმა.
ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის განცხადებით, შეხვედრაზე აღნიშნა, მარეგულირებელი ჩარჩოსა და ბუნებრივი აირის მიმართულებით, ასევე ენერგეტიკის სექტორში რა აქტივობებია განსახორციელებელი.
„ეს აუცილებელია, რათა საქართველო გახდეს უფრო ენერგოუსაფრთხო და მიმზიდველი ინვესტორებისთვის. ეს არის წინაპირობებიც საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად, რათა ევროკავშირზე მოხდეს წვდომა და ეს ურთიერთჩართვა განხორციელდეს. გარკვეული სამუშაო განსახორციელებელია, მაგრამ შევთანხმდით, რომ ერთნაირად გვესმის ეს აუცილებლობა და ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ამ მიმართულებით, როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური მხარდაჭერითა და დახმარების პროგრამებით. მთელი ენერგეტიკული დარგი იქნება ამ სფეროში ჩვენი პარტნიორი.
პრესკონფერენციის შემდეგ მე მექნება პატივი, ვნახო ინფრასტრუქტურული ობიექტები. ეს მოიცავს ერთადერთ, თუმცა ძალიან იმედის მომცემ ქარის ელექტროსადგურს. მექნება შესაძლებლობა, ვისაუბრო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რადგან წელსაც და მომდევნო წელსაც ძალიან დიდი შესაძლებლობები გამოჩნდება. ფინანსური პარტნიორები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი მზად არიან, მსხვილი საინვესტიციო პროექტები განახორციელონ საქართველოში ჩვენი ხელშეწყობით“, – განაცხადა კადრი სიმსონმა.
ამასთან, მისივე თქმით, დღეს შედგა წარმატებული, მაღალი დონის დიალოგი.
„შევთანხმდით რამდენიმე ნაბიჯზე, რომლებიც უნდა გადაიდგას წინ და შევთანხმდით იმაზეც, რომ შევინარჩუნებთ ამ სულისკვეთებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან მქონდა შეხვედრა და მივიწვიე ბრიუსელში მომდევნო წელს. ეს იყო პირველი იმ მრავალ შეხვედრათაგან, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ თანამშრომლობას. ევროკომისიამ აღიარა ნამდვილი სულისკვეთება და მისწრაფება, რომელიც საქართველოს აქვს, ახლა უკვე საქართველოზეა, განსაზღვროს რეფორმების ტემპი და გისურვებთ წარმატებას ამ მიმართულებით“, – განაცხადა კადრი სიმსონმა.