ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი აცხადებს, რომ ევროკავშირს უკრაინის გავლით მიწოდებული რუსული გაზის ჩანაცვლება შეუძლია
ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა, კადრი სიმონსმა განაცხადა, რომ ევროკავშირს უკრაინის გავლით მიწოდებული რუსული გაზის ჩანაცვლება შეუძლია.
ამის შესახებ კომისარმა ლუქსემბურგში ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე დავუდასტურე მინისტრებს, რომ მზად ვართ რუსეთსა და „ნაფტოგაზს“ შორის კონტრაქტის დასასრულებლად. არსებობს 14 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზის ჩანაცვლების ვარიანტები“, – განაცხადა ევროკომისარმა.
სიმონსის თქმით, რუსული გაზის გამოყენების გაგრძელება გაუმართლებელია.
„ევროკავშირს შეუძლია, იცხოვროს რუსული გაზის გარეშე. მინდა, ნათლად ვთქვა, რომ რუსული გაზის გამოყენება არ არის აუცილებლობა, არამედ პოლიტიკური არჩევანია, თანაც სახიფათო“, – განაცხადა სიმონსმა.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის მიუხედავად, ევროპას რუსული გაზი კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გავლით კვლავაც მიეწოდება.
რუსულ „გაზპრომსა“ და უკრაინულ „ნაფტოგაზს“ შორის გაფორმებული სატრანზიტო შეთანხმების მოქმედების ვადა 2024 წლის დეკემბერში იწურება. 30 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ კიევი აპირებს, შეწყვიტოს რუსული გაზის მიწოდება ევროპაში 2025 წლის 1-ლი იანვრიდან.