ენძელა მაჭავარიანი - გიორგი მარგველაშვილს გამარჯვება ზეციდან არ მიუღია, მან გუნდს უღალატა
დღეს გიორგი მარგველაშვილი შრომის უსაფრთხოებაზე ცრემლებით ლაპარაკობდა, ადრე კი შრომის კანონმდებლობის წარდგენისას, თეა წულუკიანს კლარა ცეტკინი უწოდა და ახლა ვის ემართლება – ამის შესახებ პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა განუცხადა, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა.
“ეს იყო გამოსვლა გამოსვლისთვის. სკოლის ბავშვები უფრო ემზადებიან, ვიდრე გიორგი მარგველაშვილი იყო დღეს მომზადებული. მას მთელი საქართველო უსმენდა და გამიხარდებოდა, რომ მეტი ესაუბრა, იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაშია და ხალხს აწუხებს. რაც განათლების მინისტრი აღარ არის, თურმე, ქვა ქვაზე არ დადებულა. გიორგი მარგველაშვილისთვის ხუთი წელი იმის შანსი იყო, რომ ქართველი ხალხის პრეზიდენტი ყოფილიყო”,-განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა და აღნიშნა, რომ მარგველაშვილმა ის ხალხი გააწბილა, ვინც არჩევნებში მის გვერდით იდგა.
“ქართული ოცნება” დარაზმული იყო და საპრეზიდენტო გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ, მან კი გუნდი გააწბილა და უღალატა. მიმაჩნია, რომ მოღალატეა. სხვებთან შედარებით იმ არჩევნებში არაფერი გამიკეთებია, მაგრამ იყო ხალხი ვინც დღესა და ღამეს ათენებდა, მუშაობდა და მის გვერდით იყო. ამ ადამიანების არ რცხვენია, როცა მიატოვა და ახალი თემების ძიება დაიწყო. გამარჯვება ზეციდან არ მიუღია, ქართველმა ხალხმა გაამარჯვებინა და ერთგულება უნდა გამოეჩინა მათ მიმართ”, – განაცხადა მაჭავარიანმა.