მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ბრიტანელმა ენდი მარეიმ, შესაძლოა, ბალახის სეზონისთვის აღდგენა ვერ მოასწროს. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ არის მისი თამაში უიმბლდონზე. უფრო ადრე, ბრიტანელმა უარი თქვა გრუნტის სეზონსა და მის მთავარ ტურნირზე – როლან გაროსზე.
აღდგენითი პროცესის საწყისმა ეტაპებმა 30 წლის მარეისთვის წარმატებით ჩაიარა, მაგრამ, ორი კვირის წინ, ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ერთ-ერთი ვარჯიში გამოტოვა, იშვიათად ჩნდებოდა საწვრთნელ ბაზაზე, გარდა ამისა, უარი თქვა რამდენიმე სასპონსორო ღონისძიებაზე.
ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა მარეი ფორმის აღდგენას და მზად იქნება თუ არა ივნისში სათამაშოდ. ვარაუდობდნენ, რომ ენდი კორტზე მაისის ბოლოს, ლაფბოროში “ჩელენჯერის” სერიის ტურნირზე დაბრუნდებოდა.
მარეი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახლავთ, აგრეთვე, პირველი ბრიტანელია ღია ერაში, რომელმაც კაცებს შორის “დიდი სლემის” ტურნირი მოიგო ერთეულებში.