„ენბისი“- დასავლელი ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ ომში დასახულ მიზნებს ვერც რუსეთი მიაღწევს და ვერც უკრაინა, ამიტომ მოლაპარაკებების დაწყების დროდ მომავალ ზამთარს განიხილავენ
დასავლელი ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ ომში დასახულ მიზნებს ვერც რუსეთი მიაღწევს და ვერც უკრაინა, ამიტომ მოლაპარაკებების დაწყების დროდ მომავალ ზამთარს განიხილავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დასავლეთის თავდაცვის სფეროს ოფიციალური წარმომადგენლები ეჭვქვეშ აყენებენ უკრაინის შესაძლებლობას, სრულად გაიყვანოს რუსული ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან. თუ ზამთარში, ადგილზე სამხედრო ოპერაციები შენელდება, ეს ნიშნავს, რომ ვერც ერთი მხარე ვერ მიაღწევს მიზანს – გააკონტროლოს მთელი ქვეყანა.
„ზამთარში ყველაფერი ნელდება. ჩვენ გვსურს, დავინახოთ მოლაპარაკებების პოტენციალი“, – განუცხადა ანონიმურმა წყარომ „ენბისის“.
გამოცემა უკრაინის მთავრობის წევრებზე დაყრდნობით წერს, რომ ზელენსკის მთავრობასთან შეხვედრების დროს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა წამოაყენა ომის დიპლომატიური გადაწყვეტის წინადადება და აღნიშნა, რომ უკრაინის ბერკეტები გაძლიერდება, თუ რუსებთან მოლაპარაკებისთვის ღიაობას გამოხატავს.
„ენბისი“ წერს, რომ აშშ-მა და დასავლელმა მოკავშირეებმა განიხილეს, შეუძლია თუ არა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ორ მხარეს შორის შუამავლობა. ერდოღანმა უკვე გამოხატა მზადყოფნა, დაეხმაროს მხარეებს შეთანხმების მიღწევაში.