ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ თავდასხმა ჰოლოკოსტს შეადარა
საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ თავდასხმა ჰოლოკოსტს შეადარა.
ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, „ჰამასის“ ბარბაროსობა ემუქრება ებრაელებს, ახლო აღმოსავლეთს, ევროპას, მთელ მსოფლიოს. ნეთანიაჰუმ ღაზას „ისლამური სახელმწიფოს ანკლავი“ უწოდა.
„„ჰამასი“ პასუხისმგებელია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლზე, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ომში ვიბრძოლოთ რაც შეიძლება სწრაფად. მაგრამ ეს შეიძლება, იყოს ხანგრძლივი ომი. როდესაც ეს დასრულდება, ისრაელის ხალხი აღადგენს თავის თემებს და ღაზის ხალხი აღარ იცხოვრებს „ჰამასის“ ტირანიის ქვეშ. მაგრამ ერთი პირობაა, „ჰამასი“ უნდა განადგურდეს. გამოცდა დასავლეთისთვის და ცივილიზაციისთვის არის „ჰამასი“. „ჰამასი“ თუ გამარჯვებული გამოვა, ჩვენ, ყველანი წავაგებთ. ევროპას საფრთხე დაემუქრება. „ჰეზბოლა“ თუ დაუშვებს შეცდომას და შეუერთდება ამ ომს, ის ინანებს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლი საერთაშორისო კოალიცია „ჰამასის“ წინააღმდეგაც იყოს გამოყენებული.
„„ჰამასი“ არის ტერორისტული დაჯგუფება, რომლის მიზანია ისრაელის სახელმწიფოს განადგურება. ეს ასევე ეხება ისლამურ სახელმწიფოს, ალ-ქაიდას და მათ, ვინც მათ ქმედებებსა და განზრახვებთან ასოცირდება. პრიორიტეტი თქვენია, მაგრამ ასევე ყველა დემოკრატიისა და საფრანგეთის პრიორიტეტია ამ ტერორისტული ჯგუფების დამარცხება თქვენთან ერთად. მე ვთავაზობ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ რეგიონული და საერთაშორისო კოალიცია იმ ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებიც ყველას გვემუქრებიან. ბრძოლა უნდა იყოს დაუნდობელი, მაგრამ არა წესების გარეშე, რადგან ჩვენ ვართ დემოკრატიები, რომლებიც ვიბრძვით ტერორისტების წინააღმდეგ, დემოკრატიები, რომლებიც პატივს სცემენ ომის კანონებს და უზრუნველყოფენ ჰუმანიტარულ ხელმისაწვდომობას“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.