ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად მიშელ ბარნიე დაასახელა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად 73 წლის მიშელ ბარნიე დაასახელა. ის 2016-2021 წლებში „ბრექსითის“ მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელი იყო.
მანამდე ბარნიე საფრანგეთის მთავრობაში რამდენიმე თანამდებობას იკავებდა, მათ შორის ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო საქმეთა სამინისტროს და სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის სამინისტროს. ის ასევე მუშაობდა შიდა ბაზრისა და მომსახურების ევროკომისრად.
მიშელ ბარნიემ მთავრობის შემადგენლობა უნდა დაასახელოს, რის შემდეგაც პარლამენტმა მთავრობა უნდა დაამტკიცოს.
ცნობისთვის, აგვისტოს ბოლოს ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მემარცხენე „ახალი სახალხო ფრონტის“ ალიანსის კანდიდატის, ლუსი კასტეს დანიშვნაზე უარი თქვა.
ახალი პრემიერ-მინისტრის დასახლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიდან ორი თვის თავზე მოხდა, რომლის შედეგადაც ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო უმრავლესობის მოპოვება.
ივლისში ჩატარებული არჩევნების შედეგად მემარცხენე ალიანსმა, „ახალმა სახალხო ფრონტმა“ 577-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში 190 ადგილი აიღო. მეორე ადგილზე მაკრონის ცენტრისტული ალიანსი გავიდა დაახლოებით 160 ადგილით, მემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“, მარინ ლე პენის ხელმძღვანელობით, 140 მანდატით მესამე ადგილი დაიკავა.